English / ქართული / русский /
ვახტანგ ჩქარეული
ეკონომიკური თავისუფლების ოპტიმალური დონე და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე

ანოტაცია

მსოფლიოში, მილიონობით ადამიანის ეკონომიკური აქტივობების კოორდინირების მხოლოდ ორი გზა არსებობს, პირველი, ეს არის ცენტრალური დაგეგმვა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პირდაპირ ჩარევას მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში, რომელსაც ხშირად ტოტალიტარულ მმართველობასაც უწოდებენ, მეორე კი ეფუძნება ნებაყოფლობით თანამშრომლობასა და ლიბერალურ იდეოლოგიას  _ ე.წ. თავისუფალი ბაზრის პრინციპი.

აღნიშნულ ნაშრომში განვიხილავთ ეკონომიკური თავისუფლების კონცეფციას, აგრეთვე სახელმწიფოს როლს მისი ოპტიმალური დონის მიღწევისათვის და შესაძლო გავლენას ეკონომიკურ განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა.

 შესავალი

  ეკონომიკური თავისუფლების კონცეფცია

კითხვაზე, თუ რა არის თავისუფლება _ შესაძლოა იმდენი მოსაზრება არსებობდეს, რამდენი რესპონდენტიც, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ, რომელიმე მათგანის პასუხი მცდარი იქნებოდა. მაგალითად, ნელსონ მანდელა საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში „Long Walk to Freedom” წერს, _ თავისუფლება არ არის მხოლოდ ადამიანისთვის ბორკილების მოხსნა, ეს არის ცხოვრება იმგვარად, რომ პატივი ვცეთ „ურთიერთ-თავისუფლებას“. თუკი ჩავუღრმავდებით აღნიშნულ ამონარიდს, დავინახავთ, რომ იგი ეხმიანება არა მხოლოდ ადამიანისეულ თავისუფლებას, არამედ ეკონომიკურ თავისუფლებასაც.

ეკონომიკური თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, მოდის კერძო საკუთრების ფლობის უფლებიდან. ზოგადად, ინდივიდი შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს, როგორც „ეკონომიკურად თავისუფალი“, თუკი მას გააჩნია ორი ძირითადი უფლება _ 1) კერძო საკუთრება, რომელსაც ის იღებს მითვისების, თაღლითობის ან/და ნებისმიერი ძალის გამოყენების გარეშე, დაცულია სხვა ადამიანების ხელყოფისგან და 2) მას შეუძლია გამოიყენოს, გაასხვისოს ან/და გაყიდოს კერძო საკუთრება საკუთარი შეხედულებისამებრ თუკი მისი ეს ქმედება არ ზღუდავს სხვა ადამიანების მსგავს უფლებებს.

ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური თავისუფლება წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანის უფლებას, განკარგოს საკუთარი სამუშაო ძალა თუ კერძო საკუთრება პირადი შეხედულებისამებრ. იქ, სადაც თავისუფალი საბაზრო პრინციპები განკარგავს ადამიანთა ქმედებებს, ინდივიდები თვითონ წყვეტენ, საკუთარი დრო დაუთმონ მუშაობას თუ დასვენებას, საკუთარი შემოსავლების რა ნაწილი მოიხმარონ და რა ნაწილი დაზოგონ, სახელმწიფო აბსოლუტურად გამორიცხულია ინდივიდების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. თუმცა, მეორე მხრივ, თითოეული ადამიანის წარმატება დამოკიდებულია მათსავე მონდომებასა და ძალისხმევაზე, მათ უნარზე, ინიციატივასა და შესაძლებლობებზე. სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედებები ხასიათდება გამჭვირვალობის მაღალი დონით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომიკური თავისუფლების უმთავრეს წინაპირობას კერძო საკუთრების უფლების ქონა წარმოადგენს, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. დღევანდელ მსოფლიოში აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, ამდენად რთულია ვისაუბროთ მის ყველა კომპონენტზე. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე უმთავრესი წინაპირობა, რომელთა არსებობაც წარმოადგენს ეკონომიკური თავისუფლების საძირკველს. მაგალითად, სამართლიანი სასამართლოს სისტემა, რათა ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ საკუთარი უფლებების დაცულობის განცდა. ასევე სახელმწიფო ინსტიტუციების გამჭვირვალობა და კორუფციისგან თავისუფლება, რაც ადამიანებს იმის გონივრულ რწმუნებას  აძლევს, რომ ყველა მოქმედებს თანაბარ პირობებში. მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სამუშაო ძალის თავისუფლება, რათა ინდივიდები საკუთარი შეხედულებისამებრ, მინიმალური დროისა და რესურსების დანახარჯებით იწყებდნენ ბიზნესაქტივობას ანდა წყვეტდნენ იმას, თუ სად, რა თანხის სანაცვლოდ და რამდენი ხნით იმუშაონ.

ეკონომიკური თავისუფლების ოპტიმალური დონე და მთავრობის როლი

მთავრობის მიერ პრობლემის გადაჭრა, როგორც წესი, ისეთივე ნეგატიურია, როგორც თვით პრობლემა და უმეტესწილად ამძაფრებს კიდეც მას _ მილტონ ფრიდმანი

ხშირად გვსმენია იმის შესახებ, უნდა ერეოდეს თუ არა მთავრობა ეკონომიკურ პროცესებში, თუ უნდა ერეოდეს, მაშინ რა სიხშირით ან რა დოზით?

როდესაც ვსაუბრობთ მთავრობის მნიშვნელობაზე ეკონომიკური თავისუფლების ჭრილში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ ნიშნავს სახელმწიფოს აბსოლუტურ გამორიცხვას ამა თუ იმ ეკონომიკური აქტივობებიდან. პირიქით, მას გააჩნია განსაკუთრებული როლი, აღმოფხვრას ბაზრის არასრულყოფილება (ანუ გაუმკლავდეს იმას, რასაც ბაზარი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება). ზოგადად, სახელმწიფოს მოქმედება, რომელიც ერევა ადამიანთა ინდივიდუალურ ავტონომიაში ზღუდავს ეკონომიკურ თავისუფლებას, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მიზანი არ არის სახელმწიფოს აბსოლუტური ჩაურევლობა. მან უნდა შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და მოახდინოს მისი მართებული ინტერპრეტირება, რათა დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება  [Friedman, M., 2002: 7-36].

თუკი მთლიანად ბაზარს წარმოვიდგენთ, როგორც თამაშის რომელიმე სახეობას, ეკონომიკური თავისუფლების ჩამოყალიბების, განმტკიცებისა და განვითარების პროცესში მთავრობა ამ თამაშში იქნება არა როგორც მისი რომელიმე მხარე, არამედ როგორც წესების განმსაზღვრელი სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებაზე. მისი მოვალეობა არ არის,  ჩაერიოს ორ მხარეს შორის მოლაპარაკებისა თუ ურთიერთობის წარმართვის პროცესში, იგი სრულიად აბსტრაჰირებულია აღნიშნულ კონტექსტში. მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა, უზრუნველყოს სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც თითოეული „მოთამაშის“ წარმატება დამოკიდებული იქნება საკუთარ ძალისხმევაზე, შესაძლებლობებსა და არჩევანზე, სადაც მან უნდა დაიცვას თითოეული მათგანი და არ დაუშვას, რომ თამაშის რომელიმე მონაწილისთვის ერთი უფლების მინიჭებით იზღუდებოდეს სხვა მონაწილის ანალოგიური უფლება. ამისთვის კი უმნიშვნელოვანესია გამართული და ეფექტიანი სამართლებრივი ნორმებისა და რეგულაციების არსებობა, ჯანსაღი სასამართლო სისტემა და სხვა მრავალი [Friedman, M., 1990: 31-33].

ეკონომისტები (და არა მხოლოდ ეკონომისტები) ხშირად დაობენ იმაზე, თუ რა არის ეკონომიკური თავისუფლების ოპტიმალური დონე. სად არის ზღვარი, რომლის მიღწევის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური თავისუფლება მის ბუნებრივ დონეზეა ანდა ოქროს შუალედს იკავებს? ამ კითხვაზე, ცალსახა, კონკრეტული პასუხი არ არსებობს იმ მარტივი მიზეზით, რომ მსოფლიო ეკონომიკა ყოველდღიურად განიცდის ათობით ცვლილებას, რომელთა წინასწარ განჭვრეტაც ხშირად ძალიან რთულია. შესაბამისად, თითოეული ქვეყანა, რომელსაც სურს, გახდეს განვითარებული მსოფლიოს ნაწილი, ცდილობს ფეხი აუწყოს იმ ცვლებებს, რომელთაც ადგილი აქვს ამა თუ იმ რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური თავისუფლების სასურველი დონე მიღწეულია და არ საჭიროებს არავითარ ცვლილებებს. პირიქით, ის დროში პროგრესირებს მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად.

საუკეთესო პასუხი კი ზემოთ დასმულ კითხვებზე არის ის, რომ ეკონომიკური თავისუფლების ოპტიმალური დონე განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და დამოკიდებულია არა მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ, გეოგრაფიულ თუ სხვა ფაქტორებზეც.

ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური განვითარებ

თუკი გავიზიარებთ ძირითადი მაკროეკონომიკური მოდელის კონცეფციას მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ იმ ფაქტორებს, რომლებიც გაზრდიან მოხმარებას, ინვესტიციებს, სახელმწიფო ხარჯებს ანდა წმინდა ექსპორტს, ექნებათ პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან.  

ეკონომიკური თავისუფლება, მისი ძირითადი იდეიდან გამომდინარე, წარმოადგენს იმგვარ ფაქტორს, რომელიც დადებით გავლენას უნდა ახდენდეს მთლიანი შიდა პროდუქტის ძირითადი კომპონენტების ცვლილებაზე. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესება უნდა აისახებოდეს ეკონომიკური ზრდის უმთავრეს ინდიკატორზე _ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე [Cebula, R.J., Clark, J., & Mixon, F.G., 2013: 34-41].

ზემოხსენებულის გასამყარებლად მოკლედ განვიხილოთ ეკონომიკური თავისუფლების ძირითადი კომპონენტები და მათი შესაძლო გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.

საკუთრების უფლება. წარმოუდგენელია წაახალისო მცირე და საშუალო ბიზნესი ეფექტიანი სამართლებრივი ნორმების გარეშე, რომლებიც იცავენ მათ უფლებებს (მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საკუთრების უფლებას). თუკი ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ მათი საკუთრება, ეს, ცხადია, შეამცირებს მათ შესაძლებლობებსა და მოტივაციას, განახორციელონ ინოვაციური იდეები. კორუფციისგან თავისუფლება. კორუფცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო იარაღს რესურსების ეფექტიანად განაწილების წინააღმდეგ. გარდა ამისა საზოგადოება კარგავს რწმენას ხელისუფლების მიმართ, რომ მას შეუძლია წარმართოს ეკონომიკური აქტივობები ხალხის სასარგებლოდ. კვლევების უმეტესობა ცხადყოფს, რომ კორუფციის არსებობა ამცირებს კერძო ინვესტიციებს დონეს. ფისკალური თავისუფლება. ფისკალური თავისუფლება უპირველეს ყოვლისა ზომავს საგადასახადო ტვირთის ზომას. მაღალი საგადასახადო ტვირთი კი პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანთა სტიმულებზე, თავი შეიკავონ ბიზნესაქტივობებისგან. იგი ასევე ამცირებს ინვესტიციების დონეს ქვეყანაში, ვინაიდან არავის აქვს სურვილი, აკეთოს ბიზნესი მაღალი საგადასახადო ტვირთის პირობებში. ბიზნესის თავისუფლება. ნებისმიერი ინდივიდი, რომელსაც გააჩნია სურვილი, დაიწყოს ახალი საქმიანობა, ეძებს ისეთ ადგილს, სადაც, ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან ერთად, ყველაზე მარტივი იქნება ბიზნესის კეთება. აქედან გამომდინარე, ბიზნესის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტია ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. თუკი ინვესტორს აქვს არჩევანი ქვეყნებს შორის, ცხადია, ის ამჯობინებს საკუთარი რესურსების წარმართვას იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესის დაწყება და შენარჩუნება მინიმალურ ფულად და ადამიანისეულ რესურსებთან იქნება დაკავშირებული.

სამუშაო ძალის თავისუფლება. სამუშაო ძალის თავისუფლება არის კომპონენტი, რომელიც პირდაპირ უწყობს ხელს რესურსების ყველაზე ეფექტიან განაწილებას. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულებს, ერთი მხრივ, თავისუფლად შეეძლოთ მოლაპარაკებების წარმოება დამსაქმებლებთან, ხოლო მეორე მხრივ, ყოველგვარი გავლენის, მითითების ანდა ძალდატანების გარეშე შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება თუ სად, რა ფასად და რამდენი ხნით სურთ საკუთარი სამუშაო ძალის გაყიდვა. ნებისმიერმა შეზღუდვამ შრომის ბაზარზე (მაგალითად, მინიმალური ხელფასის დაწესება) შეიძლება მარტივად მიგვიყვანოს კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისებისკენ. მონეტარული თავისუფლება. მონეტარული თავისუფლება შედგება ორი ძირითადი ქვეკომპონენტისაგან. პირველი, ეს არის ინფლაციის დონე ბოლო სამი წლის განმავლობაში, ხოლო მეორე კი, ფასების კონტროლი. ფასების სტაბილურობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ეკონომიკური აგენტებისათვის, რათა დაგეგმონ მომავალი სამეწარმეო თუ სხვა ტიპის საქმიანობა. ბაზრის თავისუფლება. ბაზრის თავისუფლების იდეა მდგომარეობს საერთაშორისო ვაჭრობაში. ქვეყნებს გააჩნიათ შეფარდებითი უპირატესობანი სხვადასხვა დარგებში, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას,  ეფექტიანი და მომგებიანი დადონ გარიგებები ერთმანეთთან. თუკი ბაზარი ჩაკეტილია იმპორტის ანდა ექსპორტისთვის, ეს, უპირველეს ყოვლისა, მიგვიყვანს ფასების ზრდისა და კონკურენციის შესყსტებისკენ, რაც პირველ რიგში აზარალებს მომხმარებელს [Ayal, E.B., & Karras, G. 1998: 327-338].

ამდენად, ჩვენ მოკლედ განვიხილეთ ეკონომიკური თავისუფლების ძირითადი კომპონენტები და ვაჩვენეთ, რომ თითოეული მათგანი, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად, ასტიმულირებს ეკონომიკურ აქტივობებს, რასაც, სხვა თანაბარ პირობებში, მივყავართ ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისკენ.

კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ გავხადოთ ზემოხსენებული მსჯელობა, მოვახდინოთ მცირე შედარებითი ანალიზი, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან ქვეყნები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან ეკონომიკური თავისუფლების კატეგორიების მიხედვით და ნაჩვენებია მათი მთლიანი შიდა პროდუქტი, გაანგარიშებული მოსახლეობის ერთ სულზე[1]. თითოეული რეგიონიდან აღებულია ხუთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა და შედარებულია მათი შემოსავლები ხუთ ყველაზე არათავისუფალ ეკონომიკასთან იმავე რეგიონში (იხ. დიაგრამა 1).

დიაგრამაზე მოცემული ქვეყნების მიხედვით, კორელაციის კოეფიციენტმა ეკონომიკურ თავისუფლებასა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის მოსახლეობის ერთ სულზე შეადგინა 0.81 (R2=0.69), რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მიღებული შედეგი ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეკონომიკურ თავისუფლებას აქვს პირდაპირპროპორციული გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე.

 დიაგრამა 1

წყარო: www.heritage.org; www.imf.org

დასკვნა

ეკონომიკური თავისუფლება მიჩნეულია ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების მახასიათებლად. იგი ასტიმულირებს სამეწარმეო სახის აქტივობებს. მისი უმთავრესი პრინციპები აძლიერებს ინდივიდს, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება მისი უფლებების კიდევ უფრო განმტკიცებასა და მეტი არჩევანის მინიჭებაში. ადამიანები კი, რომელთაც გააჩნიათ მეტი არჩევანი და მტკიცე უფლებები, უფრო მეტად იჩენენ სამეწარმეო ინიციატივებს, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება უმუშევრობის დონის შემცირებასა და კერძო ინვესტიციების დონის მატებაში. სხვა თანაბარ პირობებში, იგი ხელს უწყობს რესურსების ყველაზე ეფექტიან გადანაწილებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში.

როგორც აღვნიშნეთ, რთულია დავადგინოთ რაიმე ზღვარი ოპტიმალური ეკონომიკური თავისუფლების დონისათვის. იგი მერყეობს ქვეყნების მიხედვით და ხშირად დამოკიდებულია არაეკონომიკურ ფაქტორებზეც. იმისათვის, რომ ეკონომიკურმა თავისუფლებამ მოიტანოს მდგრადი ეკონომიკური განვითარება, საჭიროა ჩანასახშივე იყოს განსაზღვრული  ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგია და მიზნები, რის მიღწევასაც ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალმა ეკონომიკურმა გარემომ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფლება გარდაიქმნება ფსევდოთავისუფლებად და წარმატებას მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგში დავინახავთ. აქ კი განსაკუთრებით მნიშნელოვანია მთავრობის ფუნქცია, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს და განავითაროს რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც დემოკრატია და ადამიანის უფლებები უმთავრეს ფასეულობებს წარმოადგენს, განსაკუთრებით დიდ მნიშნელობას იძენს ეკონომიკური თავისუფლება, რადგან სწორედ ის წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის მიღწევის ყველაზე აპრობირებულ და სამართლიან გზას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თეთრუაშვილი მ. „სახელმწიფოს ეკონომიკური როლი თავისუფლების პირობებში.“ ჟურნალი „სოციალური ეკონომიკა“, 2007  N4. თბილისი.
  2. ხადური ნ. „ეკონომიკის რეგულირების „ლიბერალური“ ეტაპის წინააღმდეგობანი“. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“. 2009. N16. თბილისი.
  3. Ayal, E. B., & Karras, G. (1998). Components of Economic Freedom and Growth: An Empirical Study. Journal of Developing Areas, Vol. 32, No. 3, pp. 327-338.
  4. Carlsson, F., & Lundstrom, S. (2002). Economic Freedom and Growth: Decomposing the Effects. Public Choice, Vol 112, No. 3/4, pp. 335-344.
  5. Cebula, R. J., Clark, J., & Mixon, F. G. (2013). The Impact of Economic Freedom on Per Capita Real GDP: A study of OECD Nations. The Journal of Regional Analysis & Policy, pp. 34-41.
  6. Friedman, M. (2002). Capitalism and Freedom. Chicago: The University of Chicago Press, pp. 7-36
  7. Friedman, M. & Friedman R., (1990). Free to Choose. Chicago: The University of Chicago Press, pp. 45-51
  8. International Monetary Fund. (2017, 05 15). Retrieved from http://www.imf.org/external/index.htm
  9. The Heritage Foundation. (2016, 06 15). Retrieved from  http://www.heritage.org/index/explore
  10. Walsh, C. E. (2010). Monetary Theory and Policy. Massachusetts: Massachusetts Institute of Technology.


[1] Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებს ყოფს 5 კატეგორიად. ესენია: თავისუფალი, უპირატესად თავისუფალი, ზომიერად თავისუფალი, უპირატესად არათავისუფალი და რეპრესირებული ქვეყნები.